მისია

ქართულ და ევროპულ იურიდიულ წრეებს შორის დიალოგის და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე, სამართლებრივი კულტურის და განათლების ევროპეიზაციაზე, და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოვებაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიახლეების საექსპერტო მიმოხილვის უზრუნველყოფის გზით.

 

 

ქართული სამართლის ჟურნალი

ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის პერიოდული გამოცემა

ნომერი 1 2017 გამოცემა 1/

2 ოქტომბერი, 2017

გამოცემა

პირველ ნომერში გამოსაქვეყნებელი სტატიების შერჩევისას, ძალისხმევის მაქსიმუმი გავიღეთ, რათა დაგვეცვა ბალანსი მიღებული ნაწერების რაოდენობასა და ხარისხზე, ასევე ნაწერებში განხილული საკითხების თემატურ მრავალფეროვნებას შორის. გარდა ამისა, ჩვენი საბოლოო არჩევანი ეფუძნება გამოცემისათვის ზოგადი პროფილის სამართლის ჟურნალის იმიჯის გამყარებას და მასში განხილული საკითხების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრას, როგორც ეს ჟურნალის მიზნებშია აღწერილი. თავის სტატიაში, ვახუშტი მენაბდე გვთავაზობს საქართველოს კონსტიტუციის მიმდინარე ფუნდამენტური გადასინჯვის ზოგად, მაგრამ ამავე დროს, საინტერესო მიმოხილვას. მედიაში ამ პროცესის გაშუქება მას ხშირად უამრავი წინას მსგავს, მორიგ გადასინჯვად წარმოაჩენს. ეს გარკვეულწილად ეხმიანება ამავე პროცესის საზოგადოების ნაწილში არსებულ აღქმას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ყოველი პოლიტიკური გაერთიანება კონსტიტუციას ისე ცვლის, როგორც ხელს აძლევს. ამავე დროს, კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე, მისი გადასინჯვის პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოფნის სიხშირე და პერიოდულობა, მიუთითებს, რომ საქართველოში სახელმწიფო მოწყობის, როგორც საზოგადოებრივი თანაცხოვრების ორგანიზებული ფორმის ძირეულ საკითხებზე, ამავე საზოგადოების კონსენსუსი მიღწეულისგან ჯერ კიდევ შორსაა. სწორედ ეს ხდის კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის უკვე დასრულებული ნაწილის შემოთავაზებული მიმოხილვა საინტერესო წასაკითხი იქნება.

მეტის ნახვა

სტატიები

საქართველოს კონსტიტუციის მესამე ფუნდამენტური გადასინჯვა

ვახუშტი მენაბდე

აბსტრაქტი

სტატიის მიზანია ზოგადად, მიმოიხილოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტების, მისი მუშაობის ორგანიზაციული მხარე, მოკლედ აღწეროს ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც იწერება კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი, ასევე ყურადღება გაამახვილოს ნოვაციის უმთავრეს და ყველაზე პრინცი-
პულ შინაარსობრივ ასპექტებზე. სტატიის ავტორს წილად ხვდა პატივი იყოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი აკადემიური სფეროსთვის გამოყოფილი კვოტით. ამდენად წინამდებარე სტატიაში მოტანილი მოსაზრებები შიდა დამკვირვებლის და პროცესებში მონაწილის დასკვნებია. ერთი მხრივ, ეს უპირატესობა  იყო მოვლენების გულისგულში, გრძნობდე მის მაჯისცემას და შენთვის ცნობილი იყოს საქმის ყველა ასპექტი, რომელთა ამოკითხვა ფორმალურ დოკუმენტებში შეუძლებელია, მეორე მხრივ, შესაძლოა ნაკლადაც ჩაითვალოს, რადგან სტატიის ავტორის მიერ პროცესების აღქმას შესაძლოა აკლდეს დისტანცია, რაც მას დაეხმარებოდა მეცნიერის თვალით, ყოველგვარი მინარევების გარეშე აღეწერა არსებული ვითარება.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სასამართლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები

გიორგი სვანაძე

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი ანალიზი ძირითადად, შემოიფარგლება პერსპექტივით, რომ საქართველომ შეიმუშაოს კომერციულ საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელშიც მტკიცებულებათა კონვენცია ან/და მომსახურების კონვენცია გადამწყვეტ როლს შეასრულებს. გარდა ამისა, აღნიშნული სტატია განიხილავს არსებობს თუ არა სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომლის მხედველობაში მიღება აგრეთვე, შესაძლებელია კომერციულ საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის განვითარებისა დაგაძლიერებისათვის. სტატიის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოსათვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გამოვლენა და ანალიზი, რათა: (i) საქართველო გახდეს საზღვრებსშორის ტრანზაქციებისა და კომერციული სამართალწარმოების საქმეებისათვის მიმზიდველი იურისდიქცია; და (ii) საქართველო დააახლოოს ევროკავშირთან.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტის რეგიონული ცენტრი?

ვახტანგ გიორგაძე

აბსტრაქტი

კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემაც სურს წინამდებარე სტატიას, არის ის, რომ შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტის რეგიონული ცენტრი და შესთავაზოს არბიტრაჟის ალტერნატიული ფორუმი გადაჭარბებულად ძვირადღირებულ ევროპას ან დამწყებ აზიას. აღნიშნული კითხვა უფრო ლეგიტიმურია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას და სავაჭრო ბარიერები მოუხსნეს ევროკავშირის სარფიან, 500-მილიონიან ბაზარს. ზოგადად, მეტი საერთაშორისო ვაჭრობა უფრო მეტ საერთაშორისო დავებს გულისხმობს. ვინაიდან ასოცირების შესახებ შეთანხმება არ აკისრებს საქართველოს რაიმე ვალდებულებას კომერციულ არბიტრაჟთან დაკავშირებით, საქართველოს შეუძლია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რათა გახდეს კომერციული დავების გადაწყვეტის რეგიონული ცენტრი. კითხვაზე პასუხის გასაცემად, აღნიშნული სტატია დაყოფილია შემდეგნაირად: პირველ რიგში, განიხილება ცვლილებები, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სასამართლოში; სტატია აგრეთვე, მიმოიხილავს ცვლილებებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში. ამის შემდეგ განიხილება არბიტრაჟის ინსტიტუტები საქართველოში, რომელთაც შეუძლიათ საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტის ადმინისტრირება.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

კორუფციასთან დაკავშირებული მაგალითები საერთაშორისო არბიტრაჟში: საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების სასამართლო გადასინჯვის დასაშვები ფარგლები გაუქმებისა და აღსრულების ეტაპებზე

თეო კვირიკაშვილი

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატიის მიზანია საარბიტრაჟო ტრიბუნალების გადაწყვეტილებების სასამართლო მოკვლევის მოცულობასთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების განსხვავებული მიდგომების ილუსტრირება და ორი კონკურენტი მსჯელობის დაბალანსებისათვის ყველაზე შესაბამისი მიდგომის იდენტიფიცირება: საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საბოლოობის პრინციპი და საერთაშორისო ვაჭრობაში კორუფციის აღმოფხვრა. აღნიშნული სტატია აგრეთვე, მიმოიხილავს ინტერვენციის სტანდარტებს, რომელსაც უპირატესობა ენიჭება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, საკუთარ გადაწყვეტილებებში გამოვლენილ ტენდენციებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, სტატია მოიცავს კანონმდებლობის ანალიზს, რომელიც გამოიყენება გადაწყვეტილებების გამოტანისას და აღნიშნული გამოყენების მიზანშეწონილობისა და სიზუსტის ანალიზს, 2003 წლიდან გამოტანილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მაგალითზე.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი

ქუჩაში დადებული ხელშეკრულება ქართული და ევროპული სამართლის მიხედვით

თამარ დიოგიძე

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატია ეხება ქუჩაში დადებული ხელშეკრულების ცნების განსაზღვრას. სტატიის ძირითადი მიზანია ქუჩაში დადებული ხელშეკრულების შინაარსის, მხარეებისა და მისი დადების ადგილის განხილვა, რათა მოხდეს ქართული სამეცნიერო დოქტრინის ამ კუთხით განვითარება; შესწავლილ იქნას ქართული სამომხმარებლო ბაზარი და მოხდეს მომხმარებელთა უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემატიკის წარმოჩენა; ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ევროპული და ქართული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა და ამ უკანასკნელის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

შეიყვანე სახელი
შეიყვანე სწორი ელ-ფოსტის მისამართი
შეიყვანე კომენტარი