ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებული სტატიები საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. ამავე დროს, კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ სამი სტატია სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის მისადაგების ცალკეულ ასპექტებს შეეხება. ამ ნომრის მეოთხე სტატია, რომელიც პირველ სამზე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზეა, საქართველოში იურიდიული განათლების პრობლემებს მიმოიხილავს. მოკლედ წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს. გიორგი ასათაშვილის სტატია კონკურენციის სამართალში პარალელურ ყოფაქცევას განიხილავს. სტატიის ერთ-ერთი მიზანია განმარტოს, რა განასხვავებს პარალელურ ყოფაქცევას ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის ფასებზე კარტელური შეთანხმებისგან. ამისათვის სტატიის ავტორი აქტუალურ პრეცედენტებზე სხვადასხვა სასამართლოების პრაქტიკას და სამეცნიერო მოსაზრებებს მიმოიხილავს. სტატიაში წარმოდგენილი შედარებითი ანალიზი წარმოაჩენს პარალელურ ყოფაქცევასა და კარტელურ შეთანხმებას შორის ძირეულ განსხვავებებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პარალელური ყოფაქცევა, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკური რაციონალობით იყოს განპირობებული.
თავის სტატიაში, ირაკლი სამხარაძე განიხილავს სამართლის ისეთ სპეციალიზებულ მიმართულებას, როგორიცაა ენერგეტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართალთან. სტატია უდავოდ წვლილს შეიტანს სამართლის ამ სფეროში ჰარმონიზაციის ხანგრძლივი პროცესის „საგზაო რუკის“ გასააზრებლად. მასში წარმოდგენილია შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების მოკლე, მაგრამ ინფორმაციული მიმოხილვა და იდენტიფიცირებულია მოსალოდნელი გამოწვევები. ელენე გოგიჩაიშვილის სტატია აანალიზებს ევროკავშირის სამომხმარებლო უფლებების დაცვის მიმღეობის ფარგლებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. კერძოდ, სტატიაში განხილულია თუ რამდენად შეიძლება საქართველოს სამართლებრივ სივრცეში გამოყენებული იყოს ე. წ. რომის პირველი რეგულაციის მე-6 მუხლი, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ზოგად ვალდებულებას, თანდათან დანერგოს ევროკავშირის სამომხმარებლო უფლებების დაცვის სტანდარტები თავის სამართლებრივ სივრცეში და ააშკარავებს შემზღუდავ ფაქტორებს ევროკავშირთან ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში, რომელიც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს. მომდევნო სტატიაში, ამერიკელი პროფესორი თიმოთი ბარეტი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ქართული სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალია, საკუთარ დაკვირვებასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, წარმოადგენს რჩევებს საქართველოში იურიდიული განათლების გასაუმჯობესებლად. სტატიაში იდენტიფიცირებულია პირველი რიგის ისეთი საერთო პრობლემები, რომლებსაც ქართული სამართლის სკოლების უმეტესობა აწყდება. მათ გადასალახად, ავტორი კონკრეტული საწყისი ნაბიჯების აუცილებლობაზე მიუთითებს. ავტორის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორი ცაა ლექციებზე სტუდენტების დაბალი დასწრება (რომელიც დიდწილად, სწავლის პარალელურად სტუდენტების მუშაობასთანაა დაკავშირებული), GPA‑ის დამაკმაყოფილებელი დონის უაღრესად დაბლა დაწევა სამართლის სკოლების მიერ და სწავლის შედეგად იურისტად მუშაობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ‑ჩვევების დეფიციტი. მიგვაჩნია რა, ავტორის მიერ ამ პრობლემების შემოთავაზებული გადაჭრის გზები შესაძლოა ჯანსაღი მსჯელობის საგანი გახდეს, ვთვლით, რომ სტატია მთლიანობაში კარგ შესაძლებლობას იძლევა ჩვენი ჟურნალის გვერდებზე ამ საკითხზე დისკუსიის დასაწყებად. მაგალითად, არის თუ არა GPA-ის დამაკმაყოფილებელი დონის დაბლა დაწევა სწავლის გადასახადით მიღებულ შემოსავალზე ზედმეტად მაღალ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული? შესაძლებელია თუ არა მოვიაზროთ, რომ ნებისმიერი ცალკე აღებული ერთი სამართლის სკოლის მხრიდან GPA-ს დამაკმაყოფილებელი დონის აწევა სასწავლებლის შემოსავლისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევა, რადგან სხვების მიერ დონის უფრო დაბლა შენარჩუნებამ შესაძლოა ნაკლებად მიმზიდველი გახადოს ეს სკოლა პოტენციური სტუდენტებისათვის? დაბოლოს, გვაქვს თუ არა საქმე ჩაკეტილ წრესთან, თუ მართალია მოსაზრება იმის შესახებ, რომ სტუდენტების უმეტესობას სწავლის გადასახადის დასაფარად, სწავლის პარალელურად მუშაობა აუცილებლად ესაჭიროება, რაც მათ შესაძლებლობას არ აძლევს სწავლას საკმარისი დრო დაუთმონ? ყველა დაინტერესებულ პირს ვიწვეთ ამ კითხვებზე სამსჯელოდ და მზად ვართ საკითხს ჟურნალის სპეციალური ნომერი მივუძღვნათ, იმ შემთხვევაში თუ მასზე საკმარისი გამოხმაურება იქნება. 2018 წლის 29 ივნისს, კანონის უზენაესობის ქართულ-ნორვეგიულმა ასოციაციამ, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან თანამშრომლობით, სამართლის სტუდენტების სტატიათა კონკურსი გამოაცხადა. ამ კონკურსს, რომელის ჩატარებასაც ყოველწლიურად ვიმედოვნებთ, გიორგი მარგიანის სახელი მიენიჭა. ახალგაზრდა ქართველი იურისტი, გიორგი მარგიანი (1989-2016), რომელიც ოსლოს უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი იყო, უკურნებელ
დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. კანონის უზენაესობის ქართულ-ნორვეგიული ასოციაციის ღონისძიებების აქტიური მონაწილე გიორგი მარგიანი იყო მაგალითი, რომელიც გამოხატავდა ასოციაციის სულისკვეთებას, ხელი შეუწყოს პროფესიულ კავშირებს ორი ქვეყნის იურისტებს შორის. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი გიორგაძემ აღნიშნა თავის შესავალ სიტყვაში ამ ღონისძიებაზე, სტატიების კონკურსი წამოწყებულ იქნა სტუდენტებში სამართლებრივი კვლევისა და აკადემიური მუშაობის წასახალისებლად. ამ მიზნიდან გამომდინარე, რომელიც უშუალოდ ებმის როგორც ასოციაციის, ისე ქართული სამართლის ჟურნალის მიზნებს, მოხარულნი ვართ ამ ნომერში გამოვაქვეყნოთ კონკურსის გამარჯვებულის – გვანცა ელგენდაშვილის სტატია. გამარჯვებული სტატია სახელწოდებით, „სისხლის სამართლის მეშვეობით დანაშაულის პრევენციის ეკონომიკური ანალიზი,“ დანაშაულისა და სასჯელის მარადიულ პრობლემატიკას ერკინება. მასში განხილულია კავშირი სასჯელსა და პრევენციას შორის სამართლის ეკონომიკური ანალიზის გადასახედიდან. სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, სტატია განიხილავს თუ რამდენად შეიძლება რეციდივის შემცირების კუთხით, უფრო შედეგიანად მოვიაზროთ აღდგენით მართლმსაჯულებაზე დამყარებული სისტემა, სისხლის სამართლის ტრადიციულ სისტემებთან შედარებით, რომლებიც უფრო დანაშაულის პროპორციულ სასჯელზეა ორიენტირებული.მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი მართლმსაჯულება ნორვეგიული სისხლის სამართლის ქვაკუთხედია, ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში მისი სიცოცხლისუნარიანობა არ არის მყარად უზრუნველყოფილი. 2016 წელს, ნორვეგიის მთავრობას მხოლოდ მცირედი დააკლდა იმისათვის, რათა გაეზარდა თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა ნორვეგიულ კანონმდებლობაში. თუმცა, ამ წარუმატებელმა მცდელობამ არ უნდა დაჩრდილოს ის ფაქტი, რომ უკანასკნელ წლებში, ნორვეგიაში, დანაშაულის და მისი ჩამდენი პირების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად უფრო ხისტი გახდა. კანონმდებლებმა მნიშვნელოვნად გაამკაცრეს სასჯელი არა მხოლოდ ძალადობრივი და სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, არამედ ასევე, საიმიგრაციო კანონმდებლობის ცალკეული დარღვევებისთვის. სასამართლოების მხრიდან, გამკაცრებული სასჯელის ფორმების კონკრეტულ საქმეებში გამოყენებას დიდი წინააღმდეგობა არ მოყოლია. სასჯელის შეფარდების პოლიტიკაში მიდგომის ცვლილებამ საგრძნობი გავლენა იქონია ნორვეგიაში სასამართლო პრაქტიკაზე. იმის მიუხედავად, რომ 2005‑2016 წლების მონაცემების ანალიზისას, ნორვეგიის სასჯელაღსრულების დირექტორატმა (რომელიც სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოო განაჩენის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი) წინა პერიოდთან შედარებით ისეთი სისხლის სამართლის საქმეების 15-პროცენტიანი კლება გამოავლინა, სადაც საბოლოო განაჩენით საპატიმრო სასჯელი იქნა შეფარდებული, სისხლის სამართლის საქმეებში ჯამურად შეფარდებული საპატიმრო დღეების ხანგრძლივობა, ამავე პერიოდში 71 პროცენტით იყო გაზრდილი.
ნორვეგიის გამოცდილება ცხადყოფს, რომ დანაშაულისადმი „მკაცრი მიდგომის“ თაობაზე მოწოდებებმა შესაძლოა ფართო რეზონანსი იქონიოს ისეთ საზოგადოებაშიც კი, რომელსაც ისტორიულად რეციდივის დაბალი მაჩვენებელი აქვს და რეტრიბუციასა და რეაბილიტაციას შორის, უკანასკნელს ამჯობინებს. ამასთან, ეს გამოცდილება ხაზს უსვამს საკითხზე უწყვეტი მსჯელობის და აკადემიური დისკუსიის აუცილებლობას. ამ მხრივ, სტუდენტური კონკურსის ამ ნომერში წარმოდგენილი გამარჯვებული სტატია აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნორვეგიისთვისაც. ვიმედოვნებთ, რომ ის წასაკითხად საინტერესო იქნება ორივე ქვეყანაში. როგორც ყოველთვის, მივესალმებით მკითხველის კომენტარებს და წინადადებებს, რომელთა გამოგზავნაც შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: editors@georgianlawjournal.org.
სარედაქციო საბჭოს სახელით,
თეიმურაზ ანთელავა და თომას ფრობერგი
დაამატე კომენტარი